პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, ფოთის მუნიციპალიტეტის 15-ვე საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო.
სურსათის გაცემის პროცესში ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის მოადგილე პაატა ლაგვილავა, მუნიციპალიტეტისა და ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებთან ერთად ჩაერთნენ.
მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, რომ პროცესი სპეციალისტების რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.
„ვაგრძელებთ პროდუქტების გაცემას სკოლამდელი აღზრდის სექტორში რეგისტრირებულ 1934 აღსაზრდელზე. გადასაცემ პაკეტებში მოთავსებულია 8 სახეობის არამალფუჭებადი პროდუქტი. ბაღებში მოწყობილია სპეციალური სივრცეები, სადაც უზრუნველყოფილია სანიტარიულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმები, გათვალისწინებულია ყველა რეკომენდაცია. მინდა, მადლობა გადავუხადო სკოლამდელი აღზრდის სექტორის წარმომადგენლებს, რომლებმაც პროცესის ორგანიზებისთვის, დიდი შრომა გაწიეს“, – აღნიშნა გოჩა კურდღელიამ.
კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის 15-ვე საბავშვო ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 539 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 178 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.