გორის აგრარული ბაზარი ხვალ გაიხსნება

1149

ამ ეტაპზე, გორში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე არსებული ბაზარი სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და შესაბამისად, ხვალიდან შეძლებს ფუნქციონირების გაგრძელებას, – ეს განცხადება შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა აგრარულ ბაზრებში არსებული მდგომარეობის გაცნობის შემდეგ გააკეთა.

გიორგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, რეგიონის ხუთივე ბაზარი გაიხსნება, თუ ყველა დადგენილ წესს სრულყოფილად დააკმაყოფილებენ.

,,რეგიონის ღია აგრარული ბაზრები ფუნქციონირების გაგრძელებას შეძლებენ, თუ ყველა რეკომენდაციას დაიცავენ. ამ ეტაპზე, გორში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე არსებული ბაზარი აკმაყოფილებს სრულად სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნებს და შესაბამისად, ხვალიდან შეძლებს ფუნქციონირების გაგრძელებას. ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია, COVID 19-ით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად უზრუნველყოს მომხმარებელთა ნაკადის დაცვა, რისთვისაც სავაჭრო ობიექტის შესასვლელი და გასასვლელი გაიმიჯნა შესაბამისი ნიშნების მითითებით. ასევე, სავაჭრო ობიექტის ტერიტორიის დეზინფექცია უნდა განხორციელდეს ინტენსიურად, ბაზრის ფუნქციონირების განახლების შემდეგ, ტერიტორიაზე მყიდველები პირბადის და ერთჯერადი ხელთათმანის გარეშე არ დაიშვებიან. დადგენილი წესების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება”, – განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა.

მხარის ადმინისტრაციის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები შიდა ქართლის აგრარულ ბაზრებში არსებულ მდგომარეობას დღეს გაეცნენ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, შიდა ქართლში მოქმედი ხუთი აგრარული ბაზარი 4 აპრილს დაიკეტა.

24 აპრილს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა. ამავე გეგმის მიხედვით, ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა 27 აპრილიდან დაიწყო.  27 აპრილიდან აღდგა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება; ტაქსების ოპერირება; ონლაინვაჭრობა სრულად; მიტანის სერვისი ნებისმიერ პროოდუქტზე; ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ “ამ მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, თუმცა უმრავლესი მათგანი ვერ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს და შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ იფუნქციონირებს ყველა ის ბაზარი, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული”.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 517 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.