ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ განაცხადა, რომ შშმ პირები და ბავშვები ავტომატურად, კუთვნილ პენსიასთან ერთად 100-ლარიან დანამატს 6 თვე მიიღებენ. ჯამში დანამატი 600 ლარს შეადგენს.
მინისტრის მოადგილის თქმით, ამ სტატუსით დახმარებას 40 ათასი ადამიანი მიიღებს. ბარკალაიამ განმარტა, რომ ამ ადამიანებს დამატებითი საბუთების წარდგენა არ დასჭირდებათ.
დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ ანტიკრიზისული სოციალურ-ეკონომიკური გეგმის (II ეტაპი) მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და კომპენსაციის მიღების შესახებ პრეზენტაცია გამართა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 517 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.