შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში განმარტეს, რა დახმარებას მიიღებენ სახელმწიფოსგან სოციალურად დაუცველი ოჯახები. დეტალებზე უწყებაში გამართულ პრეზენტაციაზე მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ ისაუბრა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე პროგრამაში 70 ათასი ოჯახი – 190 ათასი ადამიანია ჩართული, რომელთა სოციალური ქულაც 65 000-100 001-ს შეადგენს და ისინი დახმარებას არ იღებენ.
„ამ ეტაპზე 6 თვის განმავლობაში სოციალურად დაუცველები მიიღებენ შემდეგი სახის დახმარებებს: 1-სულიან ოჯახზე 70 ლარის ოდენობით, ორსულიანი 90 ლარის ოდენობით, სამსულიანი 105 ლარის ოდენობით და მერე მიდის ზრდა. 6 თვის განმავლობაში საშუალოდ 600 ლარი იქნება თითოეულ ოჯახზე გამოყოფილი, თუმცა უმრავლესობა ოჯახზე გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე 600 ლარი“, – განაცხადა ბარკალაიამ.
მისივე თქმით, 6 თვის განმავლობაში 100-ლარიან დახმარებას 100 ათასამდე ქულის მქონე ის ოჯახები მიიღებენ, ვისაც 3 ან მეტი ბავშვი ჰყავს.
ბარკალაიამ განმარტა, რომ ამ ადამიანებს დამატებითი საბუთების წარდგენა არ დასჭირდებათ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 517 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.