შალამბერიძე: სოფელ ღვანკითში კიდევ ერთი მაღაზია დავამატეთ, პროდუქტის და მედიკამენტების დეფიციტი არ არის

1047

ბოლო 24 საათის განმავლობაში, თერჯოლის სოფელ ღვანკითში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, – აღნიშნულის შესახებ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

როგორც შალამბერიძე განმარტავს, სოფელ ღვანკითში მოსახლეობის ტესტირება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„დღევანდელი დილის მდგომარეობით, ღვანკითში სიტუაცია უცვლელია, დამატებით ინფიცირებულები არ გვყავს, საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს, მაღაზიები ფუნქციონირებს, ერთი მაღაზიაც დავამატეთ და პროდუქტის, მედიკამენტების დეფიციტი არ არის. ღვანკითში ყოველდღიურად ვიღებთ ნიმუშებს, მათ შორის, გუშინაც ავიღეთ ნიმუშები და ჯერ პასუხები არ გვაქვს. გუშინ გვიან ველოდებოდით ნიმუშებს იმ პიროვნებების, რომელთაც წყალტუბოში დაფიქსირებულ covid19-ის მატარებელ პიროვნებასთან ჰქონდათ კონტაქტი, ასეთი 11 ადამიანი იყო და საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა, ყველა შემთხვევა უარყოფითია. შესაბამისად, ჩვენ ამ პირების ირგვლივ კვლევას განვაგრძობთ და უნდა გამოვიკვლიოთ საიდან მოხდა მისი ინფიცირება, ან არის თუ არა კიდევ დამატებითი კონტაქტები. აღმოჩენილი კონტაქტებიდან პირები გარკვეული პერიოდი კარანტინში ყოფნას გააგრძელებენ და რამდენიმე დღეში მათი გადამოწმება მოხდება“, – განაცხადა შალამბერიძემ.

თერჯოლის სოფელი ღვანკითი 23 აპრილს ჩაიკეტა. მოქმედებს 5 გამშვები პუნქტი, სოფლის ყველა შესასვლელ-გასასვლელს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები მკაცრად აკონტროლებენ. ადგილობრივებს ეკრძალებათ, როგორც სოფელში შესვლა, ასევე მისი დატოვება. ღვანკითში 705 ოჯახი – 2,438 ადამიანი ცხოვრობს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 517 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.