გურჯაანის საბავშვო ბაღებში სასურსათო კალათების გაცემა ხვალიდან დაიწყება

592

გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანება სასურსათო კალათების დარიგების მეორე ეტაპს ხვალ დაიწყებს. დახმარებას კვლავ 2252 აღსაზრდელი მიიღებს. ამის შესახებ სპექტრი წერს. 

როგორც გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი, ლელა თევდორაშვილი ამბობს, მშობლები წინასწარ გაწერილი განრიგის მიხედვით პროდუქტს საბავშვო ბაღებში აიღებენ. დარიგების პროცესში მკაცრად იქნება დაცული უსაფრთხოების ნორმები

„პროდუქტის გაცემისას დაცული იქნება ყველა საჭირო სანიტარულ-ჰიგიენური ნორმა. მშობლები პროდუქტის წასაღებად მოვლენ პირბადეებით და ხელთათმანებით. ასევე დაცული იქნება დისტანცია,“ – გვითხრა ლელა თევდორაშვილმა.

მისივე თქმით, ამჯერად სასურსათო კალათაში 11 პროდუქტი იქნება. ესენია: ლობიო 1 კგ, კარტოფილი 2 კგ, ვაშლი 2 კგ, მაკარონი 1 კგ, შაქარი 1 კგ, ორცხობილა 1 კგ, შვრია 1 კგ, ზეთი 1 ლ, კარაქი 200 გრ. რძე 1 ლ, კვერცხი 10 ც. ჯამში ამისთვის გახარჯულია 82 000 ლარი.

ამჯერად დათვლილია ის პროდუქტები, რაც ბავშვებს 15 აპრილიდან მაისის ბოლომდე, 30 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა მიეღოთ.

პირველ ეტაპზე სასურსათო კალათებისთვის 132 ათასი ლარი გაიხარჯა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 517 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.