ქუთაისის შემოსასვლელების ისევ ჩაკეტვამ მოსახლეობას გარკვეული პრობლემები შეუქმნა. მათ, ვისაც სასოფლო სამეურენო სამუშაოებისთვის ქალაქიდან გასასვლელად საშვები ჭირდებათ, გრძელ რიგში უწევთ დგომა. ათეულობით ადამიანი მერიასთან არის შეკრებილი. მათი თქმით, ქალაქიდან სურთ გასვლა, თუმცა შეზღუდვების გამო გარკვეული საშვები ჭირდებათ, რის გამოც იძულებული გახდნენ მერიასთან მისულიყვნენ და დისტანცია დაერღვიათ. ამის შესახებ ნიპრესი წერს.
ფაქტს გამოეხმაურა ოპოზიცია. საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით, მოსახლეობას მიწები აქვს დასამუშავებელი და ჭირდებთ ქალაქიდან გასვლა, მაგრამ ბიუროკრატიის გამო საშვებისთვის რიგში დგომა უწევთ. მისი თქმით, მერია პანდემიის საფრთხის ფონზე თავად არღვევინებს მოსახლეობას დისტანციას და საფრთხეს უქმნის.
მერიის აუდიტის სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას თქმით, დილიდან ბევრი ადამიანი შეიკრიბა, დაცვის მიერ ხდებოდა მოწოდება დისტანციის დაცვაზე, თუმცა გარკვეულ წილად მოხდა დისტანციის დარღვევა. მისი თქმით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა თანამშრომლების მიერ და საშვს ყველა მოქალაქე მიიღებს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 517 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.