ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მედპერსონალის „კოვიდ-19“-ზე გამოკვლევები იწყება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელმა, ლელა ქაჯაიამ განუცხადა.
„სამედიცინო კორპორაცია „პრაიმედის“ ლაბორატორიაში დღეს იწყება მედპერსონალის ტესტირება „კოვიდ-19“-ზე. ეს არის ის სამიზნე ჯგუფი, ვისაც უშუალო შეხება აქვს „კოვიდ-19“-ით დიაგნოსტირებულ პაციენტებთან“, – განაცხადა „კორპორაცია პრაიმედის“ ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ლელა ქაჯაიამ.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე მედპერსონალის გამოკვლევა იგეგმება, რის შემდეგაც უკვე ჯანდაცვის თანამშრომლებს გამოიკვლევენ.
„კოვიდ-19“-ზე კვლევები ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში მეოთხე დღეა რაც დაიწყო. უკვე გამოკვლეულია 60-მდე ადამიანი. ყველა პასუხი იყო უარყოფითი. ლაბორატორიაში ტესტირება უტარდება რეგიონის ცხელების ცენტრებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფ ადამიანებს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 517 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.