დუშეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს აპრილის სურსათის მარაგი გადაეცათ

466

დუშეთის მუნიციპალიტეტის 18 საბავშვო ბაღის 700-მდე აღსაზრდელს, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, აპრილის თვის საკვები პროდუქტები გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ა(ა)იპ “სკოლამდელი აღზრდის ცენტრის” თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად პროდუქტების გაცემის პროცესში პირადად მიიღეს მონაწილეობა მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და მერის მოადგილემ ზაქარია ხეხელაშვილმა. ისინი ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას და საბავშვო ბაღების პერსონალს გაესაუბრნენ.

„მუნიციპალიტეტის თვრამეტივე საბავშვო ბაღში 12 სახის არამალფუჭებადი პროდუქტისაგან შემდგარი სასურსათო პაკეტი დარიგდა, რის შედეგადაც მშობლებს შესაძლებლობა მიეცემათ თავად მოუმზადონ სადილი სახლში პატარებს კვების სრულფასოვანი რაციონით. აღსაზრდელების ნაწილს საკვები პროდუქტი ადგილზე გადასცეს მერის წარმომადგენლებმა და მაჟორიტარმა დეპუტატებმა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 517 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.