საქართველოს წითელმა ჯვარმა თბილისის მერიას 1500 სასურსათო და ჰიგიენური ამანათი გადასცა.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინფორმაციით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება და თბილისის მერია 70 წელს გადაცილებული მარტოხელა ხანდაზმულებისთვის სასურსათო და ჰიგიენული ამანათების დარიგებას კვლავ განგრძობენ.
„გრძელდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და თბილისის მერიის თანამშრომლობის ფარგლებში, 70 წელს გადაცილებული მარტოხელა ხანდაზმულებისთვის სასურსათო და ჰიგიენული ამანათების დარიგება. დღეს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ თბილისის მერიას 1500 ასეთი ამანათი გადასცა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე მადლობას უხდის თბილისის მერიას გამგეობებსა და მოხალისეებს ქველმოქმედებაში მონაწილეობისთვის“,- ნათქვამია საქართელოს წითელი ჯვრის საზოგადოების განცხადებაში.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 517 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.