კომპენსაციას მიიღებს დაქირავებული, ვინც იანვარ-მარტში ხელფასი ერთხელ მაინც აიღო და შემდეგ აღარ აუღია

3569

ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ფულადი კომპენსაციის აღება შეეძლებათ დაქირავებულებს, რომლებსაც იანვრიდან მარტის ჩათვლით ხელფასი ერთხელ მაინც აქვთ აღებული და შემდგომ თვეებში ხელფასი აღარ აუღიათ. მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ისინი 1 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ.

როგორც ფინანასთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა პრეზენტაციის დროს აღნიშნა, კომპენსაცია შეეხება ყველას, ვინც სამსახური დაკარგა, უხელფასო შვებულებაშია გასული ან ხელფასს აღარ უხდიან.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, კომპენსაციის გაცემისთვის, დამსაქმებელმა ყოველი თვის 15 რიცხვამდე rs.ge-ს ვებგვერდზე უნდა წარადგინოს იმ პირთა სია, ვინც 2020 წლის პირველ სამ თვეში ერთხელ მაინც აიღო ხელფასი და შემდეგ აღარ აუღია. შევსების ფორმაში მითითებული უნდა იყოს დასაქმებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისი საკონტაქტო მონაცემები და საბანკო რეკვიზიტები.

რაც შეეხება უშუალოდ კომპენსაციის გაცემას, ყოველი თვის 20 რიცხვამდე შემოსავლების სამსახური საკომპენსაციო პირთა ბაზას შექმნის, რომელსაც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიაწვდის. კომპენსაციის გადარიცხვაზე კი უკვე ეს სააგენტო იმუშავებს.

აღნიშნული კომპენსაცია არ შეეხებათ თვიდასაქმებულებს. მათთვის ხელისუფლება 300 ლარის ოდენობის კომპენსაციას გასცემს.

24 აპრილს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა. ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, მათ, ვინც სამსახური დაკარგეს, თვეში 200-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ, ხოლო თვითდასაქმებულები კი – ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 511 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 156 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.