ცაგერის მოსახლეობის თერმოსკრინინგით შემოწმება დღეს დასრულდა, ხვალ კი, ონისა და ამბროლაურის მოსახლეობას შეამოწმებენ.
როგორც რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა, თეთრმოსკრინინგი სულ 32 ათასზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდება.
მისი თქმით, მხარეში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
„ადგილზე მშვიდი ვითარებაა. საბედნიეროდ, კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა. შეზღუდვების მოხსნამ მცირედი ხალხმრავლობა გააჩინა, თუმცა მაქსიმალურად იცავენ დისტანციას მაღაზიებში, აფთიაქებში, ამ პროცესში ჩვენი მოხალისეებიც ჩართულები არიან. ხალხმრავლობა შედარებით მოზრდილ სავაჭრო ობიექტებთან შეინიშნებოდა. საავადმყოფოებში, „ცხელების ცენტრებში“ კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით არავინ შესულა. მოსახლეობის თერმოსკრინინგი გრძელდება. დღეს დასრულდა ქალაქ ცაგერის მოსახლეობის შემოწმება, ხვალ ონისა და ამბროლაურის მოსახლეობას შეამოწმებენ. თეთრმოსკრინინგი სულ 32 ათასზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, საკვებისა და მედიკამენტის მიწოდების თვალსაზრისით მოსახლეობას პრობლემები არ შექმნია.
„უმრავლეს შემთხვევაში, ე.წ. მოძრავი მაღაზიები არის ადგილზე. პროდუქტებისა და მედიკამენტების თვალსაზრისით მთლიანად რეგიონი შეუფერხებლად მარაგდება“, -განაცხადა ჯაფარიძემ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 511 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 156 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.