შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია და მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში გადაადგილებისგან.
„საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია. შესაბამისად, სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში, აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში გადაადგილებისგან და გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 511 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 156 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.