ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დარგობრივი სამინისტროები პრეზენტაციებს გამართავენ

521

საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ ეკონომიკურ და სოციალურ ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, დარგობრივი სამინისტროები შესაბამის დეტალურ განმარტებებს გააკეთებენ, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“სოციალური ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარადგინა, არის საკმაოდ ფართო და თითოეულ მიმართულებასა და სეგმენტზე დარგობრივი სამინისტროები წარმოადგენენ ამ კვირის განმავლობაში პრეზენტაციებს, სადაც დეტალურად იქნება განხილული ანტიკრიზისულ გეგმაში წარმოდგენილი ყველა ინიციატივა, მათ შორის, როგორ და ვის უნდა მიმართონ ჩვენმა მოქალაქეებმა გათვალისწინებული დახმარებების მისაღებად, ეკონომიკური და სოციალური გეგმის ფარგლებში, ასევე იქნება განმარტებები, თუ როგორ უნდა ისარგებლონ საქართველოში მოქმედმა ეკონომიკურმა აქტორებმა, ბიზნესებმა იმ შეღავათებით და შესაძლებლობებით, რომელსაც ეს გეგმა იძლევა”, – განაცხადა პრემიერმინისტრის მრჩეველმა.

24 აპრილს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა. ამავე გეგმის მიხედვით, ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა დღეიდან, 27 აპრილიდან იწყება და ეტაპობრივად, 2-კვირიანი შუალედებით გაგრძელდება. 27 აპრილიდან აღდგება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება; ტაქსების ოპერირება; ონლაინვაჭრობა სრულად; მიტანის სერვისი ნებისმიერ პროოდუქტზე; ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.