შეზღუდვების შემსუბუქება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა, არ ვრცელდება იმ ადმინისტრაციულ ერთეულებზე, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ქვეყნის მასშტაბით კვლავ მოქმედებს „კომენდანტის საათიც“.
„ეს შემსუბუქება შეზღუდვების არ გავრცელდება იმ მუნიციპალიტეტებზე და იმ ადმინისტრაციულ ერთეულებზე სადაც ჩვენ გვაქვს დაწესებული მკაცრი საკარანტინო რეჟმი. ამის გარდა ყველა სხვა შეზღუდვა, რომელიც მოქმედებს ქვეყანაში განაგრძობს მოქმედებას და მათ შორის, ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც გულისხმობს გადაადგილების შეღუდვას ღამის 9:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე,“- განაცხადა ჩიქოვანმა.
საქართველოს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა წარადგინა, შეზღუდვების მოხსნის პირველი დღეს, 27 აპრილიდან აღდგება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება; ტაქსების ოპერირება; ონლაინვაჭრობა სრულად; მიტანის სერვისი ნებისმიერ პროოდუქტზე; ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.