მარნეულის მუნიციპალიტეტში ღია ტიპის აგრარული ბაზარი გაიხსნა, – განაცხადა მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა. მისივე თქმით, ბაზარი ყველა რეკომენდაციისა და წესის დაცვით ფუნქციონირებს.
„მარნეულის ღია ტიპის აგრარული ბაზარი გაიხსნა შესაბამისი რეგულაციების მიხედვით, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაიცა. შემოსასვლელში მოქალაქეების თერმოსკრინინგი და დეზინფექცია მიმდინარეობს, ასევე, სათითაოდ ვარიგებთ პირბადეებს, ბაზარში შიგნით, დისტანცია დაცულია. ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული სოფლის მეურნეობის მინისტრი, მინისტრის მოადგილე, ცენტრალური შტაბის წარმომადგენლები, გუბერნატორი, მაჟორიტარი დეპუტატები და ერთიანი ძალლისხმევით, დღეს ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ. ახლა მარნეულის ღია ტიპის ბაზარში საბითუმო ვაჭრობა მიმდინარეობს, სადაც როგორც გითხარით, ყველა რეკომენდაციაა დაცული“, – განაცხადა დარგალმა.
დარგალის განმარტებით, მარნეულის მხარეში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დღეს მხოლოდ ერთ ტესტზე ელოდებიან პასუხს.
დღეიდან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყო. 27 აპრილიდან აღდგება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება; ტაქსების ოპერირება; ონლაინვაჭრობა სრულად; მიტანის სერვისი ნებისმიერ პროოდუქტზე; ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც. 27 აპრილემდე აკრძალულია კერძო ავრომანქანებით გადაადგილებაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.