საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში, დღეიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარული ბაზრები გაიხსნება. თუმცა, მათი ოპერირებისთვის სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა.
უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა მომხმარებლებისთვისაც. მოქალაქეები, რომლებიც ღია ტიპის აგრარულ ბაზარს ესტუმრებიან, პირბადეებით უნდა იყვნენ აღჭურვილნი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის, ვასილ ბასილაძის განცხადებით, უწყებამ გზამკვლევი ჯანდაცვის სამინისტროსა და ექიმების რეკომენდაციების საფუძველზე შეიმუშავა. მათ აღსრულებას კი სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრვი თვითმმართველობების ზედამხედველობის სამსახურებთან ერთად უზრუნველყოფს.
„დღეიდან იხსნება აგრარული ბაზრები, ვისაც სურვილი აქვს, ოღონდ ეს სურვილი უნდა შეესაბამებოდეს რეკომენდაციების გათვალისწინებას. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე რამდენიმე ხანია, შეიმუშავა ეს რეკომენდაციები, რომლებიც აგრარული ბაზრებისთვის არის განკუთვნილი. რეკომენდაციებში საუბარია იმ საკითხებზე, რომლებიც უნდა დაიცვან ბიზნესოპერატორებმა. მაგალითისთვის, შესასვლელში უნდა იყოს განთავსებული დეზობარიერი, ასევე მოვაჭრეები ერთმანეთისგან უნდა იყვნენ სოციალური დისტანციით განლაგებული, სულ მცირე, ორ მეტრზეა საუბარი. აგრარულ ბაზრობაზე დაიშვება მხოლოდ პირბადეებით აღჭურვილი მოხმარებელი. ასევე, ბაზრის ხელმძღვანელობამ თავის ტერიტორიაზე მოვაჭრე თანამშრომლებს თერმოსკრინინგი უნდა ჩაუტაროს. უნდა მოხდეს ამ ყველაფრის შესაბამის ჩანაწერებში დაფიქსირება. მხოლოდ ამ წესების შესაბამისად იფუნქციონირებენ აგრარული ბაზრები. ეს არის ძირითადი რეკომენდაციები, რაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროსა და ექიმების მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით“, – განაცხადა ვასილ ბასილაძემ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ქუთაისში დღეიდან ერთ-ერთი აგრარული ბაზრის გახსნაა დაგეგმილი, სხვა მუნიციპალიტეტებში კი ბაზრების ხელმძღვანელებთან მიმდინარეობს კონსულტაციები, რათა საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები იყოს დაცული.
„აგრარული ბაზრების გახსნის მიმართულებით ვმუშაობთ. ქუთაისში დღეიდან უკვე გავხსნით ერთ-ერთ საკოლმეურნეო ბაზარს და მთლიანად იმერეთში, ყველა მუნიციპალიტეტში ბაზრებს ეტაპობრივად გავხსნით“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
აგრარული ბაზარი მუშაობას განაახლებს ქობულეთშიც. ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის ინფორმაციით, სადეზინფექციო სამუშაოები ბაზრის შიდა და გარე ტერიტორიას ჩაუტარდა. მისივე თქმით, აგრარულ ბაზარში მაქსიმალურად იქნება დაცული შესაბამისი რეკომენდაციები. სადეზინფექციო სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება ბაზრის და არამარტო ბაზრის ტერიტორიაზე.
დღეიდან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყო. 27 აპრილიდან აღდგება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება; ტაქსების ოპერირება; ონლაინვაჭრობა სრულად; მიტანის სერვისი ნებისმიერ პროოდუქტზე; ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც. 27 აპრილემდე აკრძალულია კერძო ავრომანქანებით გადაადგილებაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.