„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში“ ცვლილებები შედის

881

“შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში“ ცვლილებები შედის, რომლის თანახმად, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სესხები გაიცემა 5 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სახელმწიფო მოახდენს 6 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულად დაფინანსებას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებით, ფერმერები შეძლებენ სესხი გადაიხადონ იმ მომენტისთვის, როცა მოსავალს მიიღებენ.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უმოკლეს დროში შემუშავდა ახალი პროექტები და არსებული რეალობის გათვალისწინებით, გარკვეული ცვლილებები მიმდინარე პროექტებშიც განხორციელდა. „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო 6 წელიწადზე მეტია ახორციელებს. პროექტის ძირითად ამოცანებს ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება წარმოადგენს. პროექტი მიმდინარეობის მანძილზე განიცდიდა ცვლილებებს დარგში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე. ცვლილებების თანახმად, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სესხები გაიცემა 5 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სახელმწიფო მოახდენს 6 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულად დაფინანსებას. აღნიშნული ცვლილებით, ფერმერები შეძლებენ სესხი გადაიხადონ იმ მომენტისთვის, როცა მიიღებენ მოსავალს. აღსანიშნავია, რომ სახელწიფოს პროექტის დაწყებიდან დღემდე სრულად პროცენტის თანადაფინანსება არ მოუხდენია.

გარდა ამისა, ძირითად საშუალებების კომპონენტში იზრდება თანადაფინანსების პროცენტი, არსებული წლიური 8%-ს ნაცვლად იქნება 11%. სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. ასევე, იზრდება ლიზინგის თანადაფინანსების პროცენტი, ნაცვლად არსებული 9%-სა იქნება 12 %. ძირითადი საშუალებების კომპონენტს და ლიზინგს ემატება ასევე ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოების და მაკარონის ნაწარმის წარმოების დაფინანსება. მეცხოველეობის დარგის მხარდაჭერის მიზნით პროექტს ემატება მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტი, რომელიც მოიცავს ხელშეწყობას მეხორცული მიმართულებით საბრუნავი საშუალებებისათვის გაცემულ სესხებზე. იმ შემთხვევაში თუ ფერმერს არ ექნება საკმარისი ღირებულების გიროა საკუთარი სესხის უზრუნველყოფისთვის, სახელმწიფო მოახდენს სესხის თანხის 50%-ით უზრუნველყოფას.

პროექტს დაემატა ახალი ქვეკომპონენტი სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისთვის, რომლის ფარგლებში სესხი გაიცემა 1 500 001 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით. სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას სააგენტო მოახდენს წლიური 10%-ის მოცულობით 24 თვის განმავლობაში. პროექტს ასევე ემატება სასურსათო მრეწველობის აგროლიზინგის მიმართულებით დაფინანსება, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება იქნება 12%, 24 თვის განმავლობაში“,-აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც. 27 აპრილემდე აკრძალულია კერძო ავრომანქანებით გადაადგილებაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.