მუსლიმურმა სამყარომ მძიმე მარხვა დაიწყო. რამადანის თვე ქართველი მუსლიმებისთვის წელს განსხვავებულია, კორონავირუსის პანდემიის გამო ყველა მეჩეთში ჯგუფური ლოცვა შეჩერებულია. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
საქართველოს მუფთი მორწმუნეებს მოუწოდებს მაქსიმალურად გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და სახლებში ილოცონ. ისლამის ისტორიაში პირველად რამადანის პერიოდში მექაში ქააბის სამლოცველო საზოგადოებისთვის დახურული იქნება. ერთთვიანი მარხვის დასასრულს, მუსლიმები ბაირამის დღესასწაულს ზეიმობენ. წელს ბაირამი 24 მაისს აღინიშნება.
შეგახსენებთ, მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა და ზომებისა, რომლებიც ახალი კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მოტივით, უფრო და უფრო მკაცრდება და ადამიანების გადაადგილება იზღუდება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტაძრებში წირვა-ლოცვას მრევლთან ერთად მაინც აღავლენს. მორწმუნეები სააღდგომო ლიტურგიასაც დაესწრნენ და ერთი კოვზით ზიარებაც ჩატარდა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა 27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.