ოხანაშვილი განმარტავს, როდის დაისჯება საგანგებო და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით

526

არავითარი გამკაცრება არ მომხდარა და არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არ მოხდება ჩვენს მიერ მიღებული კოდექსის გამოყენება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, კარანტინის და იზოლაციის წესების დარღვევა პრეზიდენტის დეკრეტის შესაბამისად, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

მან ასევე განმარტა, თუ რა შემთხვევაში მოხდება 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.

„მსურს საზოგადოებას განვუმარტო რამდენიმე საკითხი, რომელიც უკავშირდება გუშინ პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. გარკვეულმა ჯგუფებმა სცადეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები და გაზარდა სანქცია თავისუფლების აღკვეთის 6 წლამდე და თითქოს ამ სანქციას გამოყენება ექნება დღეიდან და თითქოს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს შევუფარდებთ თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე.

ეს არის ტყუილი, დეზინფორმაცია. მსურს განვმარტო, რომ დღეს მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებულია უკვე დაწესებული პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა და ეს რეგულაციები ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. შესაბამისად, ეს დეკრეტი რჩება ძალაში და ეს რეგულაციებიც რჩება ძალაში. არავითარი გამკაცრება არ მომხდარა და არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არ მოხდება ჩვენს მიერ მიღებული კოდექსის გამოყენება, არამედ მოქმედებს და ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთის სახით მაქსიმუმ 3 წლამდე და ისიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემდგომ თუკი განმეორებით ჩაიდენს პირი ქმედებას.

რაც შეეხება ჩვენს მიერ მიღებულ ცვლილებებს, მსურს საზოგადოებას განვუმარტო, რომ ჩვენ მივიღეთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომელიც შეეხება არა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას, არამედ საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას და ამისთვის გავითვალისწინეთ პასუხისმგებლობა ერთხელ ჩადენის შემთხვევაში, თუკი პირი განმეორებით ჩაიდენს, თავისუფლების აღკვეთა ვადით 6 წლამდე.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს რას ნიშნავს საგანგებო ან საომარი რეჟიმის დარღვევა, რისთვისაც ჩვენ დავაწესეთ თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი პირი განზრახ გადასდებს ვინმეს დაავადებას, თუკი ამ ქმედებას ჩაიდენს ორგანიზებული ჯგუფი ან ჯგუფი, თუკი დაავადებული პირი განახორციელებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას ან პირი დაარღვევს საგანგებო ან საომარი მდგომარობის რეჟიმს, რაც გამოიწვევს ძალიან მძიმე შედეგებს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობაც კი, ამ შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, კარანტინის ან/და იზოლაციის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო იურიდიული პირები – 10 ათასი ლარით. პარლამენტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით გუშინ, 23 აპრილს დაამტკიცა.

ამასთან, თუ პირი კარანტინის ან/და იზოლაციის წესს ხელმეორედ დაარღვევს და ამავდროულად ქვეყანაში არ იქნება გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, მას შინაპატიმრობა 6 თვიდან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე დაეკისრება.

ხოლო თუ ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობა იმოქმედებს, ასეთ დროს დადგენილი წესების განმეორებით დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირებისთვის 6 წლამდე პატიმრობას. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები 2020 წლის 2 მაისიდან შევა ძალაში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა  27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.