ქობულეთში მოძიებული 530 კონტაქტიდან 400 პირი უკვე გამოკვლეულია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დანარჩენი პირების გამოკვლევა საეჭვო ჩივილის გამოვლენისთანავე მოხდება.
ყველა პირი თვითიზოლაციაში იმყოფება. მკაცრი სამედიცინო კონტროლია დაწესებული რამდენიმე პირზე იმ სოფლებიდან, სადაც მკაცრი რეჟიმი მოქმედებებს. მათ კვლევის დაწყებამდე ორი კვირის განმავლობაში დაავადებისთვის დამახასიათებელი ჩივილები აღენიშნებოდათ.
ზედამხედველობის ვადის ამოწურვის შემდეგ, ისინი იზოლაციის რეჟიმისგან გათავისუფლდებიან, თუმცა თვითიზოლაციიდან გამოსვლა მოქალაქეებს იმ შეზღუდვებისგან არ ათავისუფლებს, რომელიც ქობულეთშია დაწესებული. სოფელ გვარაში თვითიზოლაციის ვადა გუშინ 46-პირს ამოეწურა.
ქობულეთის კლასტერს 35 ინფიცირებული უკავშირდება, აქედან ერთი შემთხვევა დღეს დადასტურდა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა 27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.