მცხეთა-მთიანეთის რეგიონში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, უახლოეს პერიოდში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყება. ასევე, დაგეგმილია ქოლ-ცენტრის ოფისის გახსნა ქალაქ მცხეთაში, სადაც მოქალაქეები ვირუსთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს მიიღებენ.
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელსაც ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვამ გარკვეული პრობლემები შეუქმნა, ადგილზე შესაბამის დახმარებას მერების წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები და მოხალისეები უწევენ.
ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობაზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა დღის გარკვეულ მონაკვეთებში მოიხსნა.
“მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის წარმომადგენლებთან, ვიდეო კონფერენციის ფორმატში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შალვა კერესელიძემ, გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, რეგიონში გასატარებელი ზომები განიხილა. ერთობლივად იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა კორონავირუსის პრევენციისთვის დღემდე განხორციელებული ღონისძიებებიც შეაჯამეს. აღსანიშნავია, რომ მცხეთა-მთიანეთი, ამ დრომდე, ე.წ. მწვანე ზონად რჩება, სადაც “კოვიდ 19“-ით ინფიცირების არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა. კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, მცხეთა-მთიანეთში საგაზაფხულო სამუშაოები გრძელდება,” – ნათქვამია ინფორმაციაში.