მე და ჩემი მოადგილეები პირადად ვართ კავშირზე ფერმერებთან, რათა გადავაზღვიოთ ის დისკომფორტი, რაც პირველ დღეებში ცხელი ხაზის გაუმართაობის გამო შეიქმნა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ცხელი ხაზის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით სიტუაცია გაუმჯობესდა.
„სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქმიანობა ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელიც დაშვებულია ეკონომიკური საქმიანობების შეზღუდვის მიუხედავად. სოფლის მეურნეობა დამოკიდებულია ამინდზე, გარემო პირობებზე, კონკრეტულად სეზონზე. ახლა საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს, უბრალოდ არ შეიძლებოდა ამ საქმიანობის აკრძალვა, არ გამოვიდოდა. რა თქმა უნდა, ეს რისკებთან კავშირშია. გადაწყვეტილებები, მაგალითად, მობილობის შეზღუდვის გაგრძელება, ადმინისტრირების კუთხით ძალიან დიდი წნეხს აჩენს თითოეულ აღმასრულებელ უწყებაზე, სამინისტროებზე, სააგენტოებზე; მნიშვნელოვანი ფიზიკური რესურსია საჭირო. უამრავი ზარი შემოდის ცხელ ხაზზე -144, რომელიც არის ცენტრალიზებული, ასეთივე ვითრებაა ჩვენი სამინისტროს ცხელ ხაზზეც. ეს არის რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება. მე და ჩემი მოადგილეები პირადად ვართ კავშირზე იმ ადამიანებთან, ვისაც ჩვენთან ხელი მოუწვდებათ, იმისთვის, რომ გადავაზღვიოთ ის დისკომფორტი, რომელიც პირველ დღეებში ცხელი ხაზის გაუმართაობის გამო შეიქმნა. ცხელი ხაზის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით სიტუაცია გაუმჯობესდა. სულ რამდენიმე დღე უნდა მოვითმინოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ სოლიდარულები,”- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
აღნიშნულ კომენტარს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა 27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.