სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მერებთან დისტანციური თათბირი გამართა

1039

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მუნიციპალიტეტების მერებთან დისტანციური თათბირი გამართა.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულმა მერებისგან მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. მერებმა რეგიონის მასშტაბით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების საკითხებზე ისაუბრეს, ასევე ყურადღება გამახვილდა აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეების დახმარების საკითხზე.

ადმინისტრაციის ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულმა მერებს მოუწოდა, მაქსიმალურად მოახდინონ მობილიზება, რათა განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც მუნიციპალურ ცენტრებს დაშორებულები არიან არ შეექმნათ სურსათით და მედიკამენტებით მომარაგების პრობლემა, ასევე არ შეიქმნას პრობლემა სამედიცინო მომსახურეობის მისაღებად გადაადგილების დროს.

„ჩვენ მაქსიმალურად ჩავრთეთ, სოფლის რწმუნებულები და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები საკითხის მოგვარებაში. შესაბამისად, ეს ადამიანები მოემსახურებიან საჭიროებისამებრ ადგილობრივ მოსახლეობას, რათა თითოეულ მოქალაქეს ვისაც დახმარება სჭირდება ყურადღების გარეშე არ დარჩეს, გარდა ამისა მათ შეუძლია დაუკავშირდნენ მუნიციპალიტეტებს და ასევე რეგიონულ ცხელ ხაზს, შესაბამისად რეაგირება იქნება მყისიერი“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

მისივე თქმით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, დაშვებულია მსუბუქი ავტომობილებით საათობრივი გადაადგილება .

„მათ სამუშაოების განხორციელების მიზნით, დილის 6:00-დან 8:00 საათამდე და საღამოს 6:00 საათიდან 7:00 საათამდე შეუძლიათ გადაადგილება. შესაბამისი ნებართვების გაცემას რეგიონული შტაბები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები განახორციელებენ, გთხოვთ რომ ეს ინფორმაცია მაქსიმალურად მიაწოდოთ, მოსახლეობას, რათა არ მოხდეს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების დროს შეფერხება“, – აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

დისტანციურ თათბირს სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად მისი მოადგილეებიც ესწრებოდნენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა  27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.