არჩილ ჯაფარიძე: ადგილზე ვეცნობი ვითარებას, რათა არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა და თითოეული მცხოვრები თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდეს

652

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და სტრუქტურული ერთეულების უფროსები ესწრებოდნენ.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე რწმუნებულმა მიმდინარე საქმიანობის ანგარიში მოისმინა.

ამასთან, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ვირუსის თავიდან აცილების მიზნით მიმდინარე დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებები, საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობა, ხელისშემშლელი ფაქტორები, თუ როგორ მიმდინარეობს თერმოსკრინინგის პროცესი და როგორ მარაგდება მედიკამენტებითა და საკვები პროდუქტებით მუნიციპალიტეტის სოფლები.

ჯაფარიძემ მუნიციპალიტეტის მერისგან განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახების შესახებ მიიღო ინფორმაცია. მისი დავალებით, სოფლის რწმუნებულები,დეპუტატებთან ერთად, უზრუნველყოფენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახების დახმარებას, სურსათისა და მედიკამენტების მომარაგების კუთხით და აგრეთვე, უახლოეს დღეებში წარმოადგენენ დეტალურ ინფორმაციას, პიროვნებების საჭირობების შესახებ, რათა „არავინ დარჩეს ყურადღებისა და მზრუნველობის გარეშე“.

,,სახელმწიფოსა და სამთავრობო გუნდის მხარდაჭერას ყოველდღიურად გრძნობენ ადამიანები, მათ შორის ჩვენს რეგიონში, თავის მხრივ, ისინი აქტიურად არიან ჩართულნი პრევენციულ ღონისძიებებში და იცავენ ყველა მითითებას და რეკომენდაციას, ვირუსის თავიდან ასაცილებლად. უწყვეტ რეჟიმში ვხვდები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს და ადგილზე ვეცნობი ვითარებას, რათა არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა და თითოეული მცხოვრები ჩვენს რეგიონში თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდეს”, – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა  27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 420 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 111 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.