აჭარის სოფლებში სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში მარაგების კუთხით პრობლემა არ არსებობს

468

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი შუახევის მერთან ერთად, შუახევის მუნიციპალიტეტში, აგრო მაღაზიის მუშაობის პროცესს გაეცნო. ტიტე აროშიძის თქმით, ამჟამად მუნიციპალიტეტებში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს და გარკვეულ საათებში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების დაშვება მნიშვნელოვანია სასოფლო სამეურნეო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისთვის.

“იმისთვის, რომ ჩვენ ამ სიტუაციაში შევძლოთ პროცესების უკეთესად მართვა, სასოფლო-სამეურნეო მაღაზიები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ და მოსახლეობას აგროქიმიკატების მომარაგებას არ შეექმნას პრობლემა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა რგოლი ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაციაში მუშაობდეს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს კოორდინაციაზე. მათ შორის, მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პირობებში ვცდილობთ, რომ კომუნიკაცია მწარმოებლებსა და მყიდველე ბს შორის დამყარდეს’, – განაცხადა ტიტე აროშიძემ.

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე და საღამოს 18:00 საათიდან 19:00 საათამდე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების საწარმოებლად გადაადგილება დაშვებულია.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა  27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 420 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.