ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა ონლაინ ვაჭრობით დაკავებული კომპანიების შემოწმება დაიწყეს

581

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად, დამატებით იმ კომპანიების შემოწმებაც დაიწყო, რომლებიც დაკავებული არიან ან გადაეწყვნენ ონლაინ ვაჭრობაზე.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, უახლოეს ერთ კვირაში შემოწმდება 260-მდე ობიექტი, რომელთაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკვე მომართეს საქმიანობის ოლნაინ რეჟიმში გაგრძელებისა და მოხმარებლისთვის პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისით მიწოდების უფლების მოთხოვნით. მათ შორის არიან წიგნებით, სათამაშოებით, ელექტროტექნიკით, ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, პარფიუმერიით და სხვა სამომხმარებლო პროდუქციით ონლაინ ვაჭრობის განმახორციელებელი კომპანიები.

შემოწმების ფარგლებში, კომპანიები ვალდებული იქნებიან, დააკმაყოფილონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი გაიდლაინის მიხედვით მოთხოვნილი რეკომენდაციები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, უახლოესი დღეების განმავლობაში, ყოველდღიურად ათობით კომპანია შემოწმდება, რომლებიც ონლაინ ვაჭრობას ეწევიან ან აქვთ სურვილი, გადაეწყონ და სავაჭრო საქმიანობა ონლაინ გააგრძელონ.

„უახლოესი დღეები კონცენტრირებული ვიქნებით ონლაინ ვაჭრობით დაკავებული კომპანიების შემოწმებით, ვინაიდან როგორც კი დაიწყება საგანგებო შეზღუდვების შერბილება, ონლაინ ვაჭრობა იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი და პირველი დარგი, ვინც საქმიანობის განახლებას შეძლებს. შესაბამისად, გვინდა, რომ კომპანიები მომზადებული შეხვდნენ ფუნქციონირების დაწყების უფლებას. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას პასუხობენ ის კომპანიები, ვინც ზოგადად სპეციალიზდება ონლაინ ვაჭრობაზე ან ვინც ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, ახლა გადაეწყო ონლაინ ვაჭრობასა და ადგილზე მიტანის სერვისზე“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

უწყების ცნობით, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად, აქტიურად აგრძელებს კომპანიების შემოწმებას, თუ რამდენად აკმაყოფილებენ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ამ მიზნით, უახლოეს ერთ კვირაში ჯამში 450 ობიექტი შემოწმდება, რომელთა შორის ონლაინ ვაჭრობის განმახორციელებელი ობიექტებიც არიან.

მთავრობის რამდენიმე დადგენილებებით განსაზღვრულია იმ კომპანების სია, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობა არ ეზღუდებათ. 6 აპრილიდან კი მთავრობამ ამ  საწარმოების შემოწმება დაიწყო, თუ როგორ ასრულებენ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა  27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 420 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.