პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო

416

პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო.

ფინანსური დოკუმენტი განიხილა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა. განხილვა საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გრძელდება.

2023 წლის ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილია ეკონომიკის 5%-იან ზრდა. მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი განსაზღვრულია 79.6 მლნ ლარით. მომავალ წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 24.3 მილიარდი ლარი იქნება, რაც მთავრობის ინფორმაციით, საშუალებას იძლევა, ქვეყანამ ყველა ძირითადი მიმართულებით არსებულ გამოწვევებს უპასუხოს.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია და განისაზღვრება 21.3 მილიარდი ლარის ოდენობით.

თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების ფონზე, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასი 20%-ით გაიზრდება, რისთვისაც ბიუჯეტში 290,0 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული. ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების განსახორციელებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 770,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიების ზრდა.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 290,0 მლნ ლარზე მეტით. მასწავლებლების და მანდატურის ხელფასები 125 ლარით გაიზრდება.

ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 6 მილიარდ ლარზე მეტი მიიმართება. გათვალისწინებულია ხელფასების რაოდენობის 10%-იანი ზრდა საჯარო სექტორში.

„ნაერთი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი პარამეტრებია საბიუჯეტო დეფიციტი და მთავრობის ვალი. ჩვენ წელსაც მნიშვნელოვნად შევამცირეთ დეფიციტი და მომდევნო წელს ვვარაუდობთ, რომ დეფიციტი 3%-იანი ზღვრის დაბლა უნდა იყოს მშპ-სთან შედარებით. რაც შეეხება ვალის მაჩვენებელს, ის მომდევნო წელსაც კლებულობს და მშპ-ს 38.8% იქნება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საბიუჯეტო პროექტის წარდგენისას.