ქობულეთის სოფლებში მაღაზიები დღეს პროდუქტებით მომარაგდება, ასევე დაგეგმილია პურის ფქვილის შეტანაც

775

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც მკაცრი კარანტინის პირობები მოქმედებს, დღეს მაღაზიების პროდუქტებით მომარაგება იგეგმება. სოფლებში ასევე ელოდებიან პურის ფქვილის შეტანასაც.

როგორც ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, უახლოეს მომავალში სოფლებში სასუქსა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ინსტრუმენტებსაც შეიტანენ, რათა მოსახლეობამ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა შეუფერხებლად აწარმოოს.

„ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც მკაცრი რეჟიმია, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს ჩვეულ აქტივობას და ოთხივე ადმინისტრაციულ ერთეულში დღეს იმოძრავებს მობილური ბაზარი, ასევე მცირე ხანში აქ იქნება პურის ფქვილით დატვირთული მანქანა. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში ვგეგმავთ სასუქისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იარაღების შეტანას, რათა მოსახლეობამ შეიძინოს საჭირო საშუალებები და აწარმოონ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, არ დაირღვეს აგროვადები, რომელიც აუცილებელია აქ არსებული კულტურების ნორმალური მოვლისთვის“, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.

მისი თქმით, ასევე ცოტა ხანში დაიწყება სიმინდის ფართობების ხვნა-თესვის სამუშაოები. როგორც მერმა აღნიშნა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს, რომ მოსახლეობას სამუშაოების სათანადოდ განხორციელების საშუალება ჰქონდეს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა  27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 411 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 98 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.