პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას 97 მომხრითა და 10 მოწინააღმდეგით მხარი დაუჭირა. დადგენილებას კენჭი საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ უყარეს.
მანამდე პარლამენტში დებატები გაიმართა. ოპოზიცია ითხოვდა, მთავრობას წარმოერდგინა ბოლო 1 თვის ანგარიში და, აგრეთვე, სამოქმედო გეგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერდნენ.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობის მიმართვისა და საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, გუშინ გამოსცა ბრძანება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.
საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 22 მაისამდე გაგრძელდა. პრეზიდენტის ცნობით, ამავე ვადით გაგრძელდება დეკრეტის მოქმედებაც, რომელიც დამატებით შეზღუდვებს არ ითვალისწინებს.
24 აპრილს მთავრობა შეზღუდვების თანმიმდევრული მოხსნის გეგმასა და ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენს. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი შეზღუდვა – ავტომობილებით გადაადგილება 27 აპრილს მოიხსნება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 411 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 98 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.