კახეთში მედპერსონალის მასიური ტესტირება იწყება

696

მომავალი კვირიდან კახეთში მედპერსონალის მასიური ტესტირება იწყება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, შესაბამისი გრაფიკი უკვე შედგენილია.

“ყველამ ვიცით, რომ ამ ვირუსის ყველაზე ცუდი მახასიათებელი უსიმპტომო მიმდინარეობაა, რაც შესაძლოა სხვა პირისათვის საფრთხის შემცველი იყოს. ამიტომ მომავალი კვირიდან უკვე დავიწყებთ მედპერსონალის ტესტირებას. ჯერჯერობით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ გვაქვს. ბუნებრივია, ყველა გზა უნდა გამოვიყენოთ დაავადების თავიდან ასაცილებლად”, –განაცხადა ხიზანიშვილმა.

კახეთში საკარანტინო ზონებიდან და ცხელების ცენტრებიდან ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური სინჯი ყოველდღიურად იგზავნება.

რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა  27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 411 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 98 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.