ხაშურის 28 სკოლაში ექიმის შტატი დაამატეს

592

ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად გოგუაძე სკოლებში ექიმის შტატის დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

გოგუაძის განცხადებით, ხაშურის 28 სკოლაში ექიმის შტატთან დაკავშირებით უახლოს მომავალში კონკურსი გამოცხადდება.

“28 სკოლაში შეგვითანხმდა ექიმის შტატი, ექიმის და არა ექთნის. კონკურსის შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში დაიდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებად ვებგვერდზე www.hr.gov.ge. საკონკურსო პირობები განისაზღვრება ჯანდაცვისა და განათლების მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.”

გოგუაძე განცხადებას თან ურთავს საკვალიფიკაციო მოთხოვნებსაც, რომელსაც სკოლაში ექიმად მუშაობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს.

სკოლის ექიმად მუშაობისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, საქართველოს ან უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული, საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი რომელიმე შემდეგ სპეციალობაში:

  • პედიატრია;
  • საოჯახო მედიცინა;
  • ზოგადი პროფილის ექიმი- პედიატრი.

“თუ ეს სერტიფიკატი არ ექნება ექიმს, უარს მიიღებს გასაუბრების ეტაპზე გადასასვლელად. ექიმის ხელფასი იქნება 600 ლარი”, – ამბობს გოგუაძე.

მსურველებს ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა ვებგვერდზე hr.gov.ge შეეძლებათ.

ინფორმაციისთვის, 2022 წლიდან ყველა სკოლაში ექიმის შტატი სავალდებულო გახდა.