მსუბუქი ავტომობილების დაშვებასთან დაკავშირებით გორის მერიაში ჯერ ინფორმაცია არ აქვთ

408

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 27 აპრილამდე, საქართველოს რეგიონებში დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება დასაშვებია. გადაწყვეტილების მიზეზად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების ხელშეწყობას ასახელებენ, თუმცა, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში Qartli.ge-ს უთხრეს, რომ მსგავსი დირექტივა ცენტრალური ხელისუფლებისგან ჯერ არ მიუღიათ.

“ჩვენს მუნიციპალიტეტს მსგავსი დირექტივა მსუბუქი ავტომობილების დაშვებასთან დაკავშირებით, ცენტრალური ხელისუფლებისგან ჯერ არ მიუღია. თუ რამ შეიცვლება ამას რა თქმა უნდა ვაცნობებთ მოსახლეობას’’, – განაცხადეს გორის მერიაში.

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება განსაზღვრული დროით ყველა მუნიციპალიტეტში შესაძლებელი იქნება, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა  27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 411 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 98 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.