კარანტინისა და იზოლაციის წესის დარღვევისთვის ჯარიმები მცირდება

1079

კარანტინის ან/და იზოლაციის წესის დარღვევისთვის ჯარიმები მცირდება და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა დღეს, 22 აპრილს კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ფიზიკური პირები 3 ათასი ლარის ნაცვლად 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის.

კანონპროექტის მიხედვით, კარანტინის ან/და იზოლაციის წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირები 3 ათასი ლარის ნაცვლად 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო იურიდიული პირები — დაკისრებული ჯარიმა 15 ათასი ლარის ნაცვლად 10 ათასი ლარით.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება დამტკიცების შემთხვევაში, ძალაში 2020 წლის 2 მაისიდან შევა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის თანახმად, კარანტინის ან/და იზოლაციის წესების დარღვევის გამო ფიზიკური პირები 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირები 15 ათასი ლარით ჯარიმდებიან.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა  27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 411 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 98 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 5.