ჩვენ შევასრულეთ სურსათის ეროვნული საგენტოს რეკომენდაციები და ახლა ველოდებით კიდევ ერთხელ შემოწმებას -აცხადებს ქუთაისის ცენტრალური ბაზრის დირექტორის ოლეგ არღვლიანი.
“ჩვენთან იყვნენ მოსულები სურსთის ეროვნული საგენტოს თანამშრომლები, რომლებმაც მოგვცეს რეკომენდაციები, ეს არის 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა დახლებს შორის, მოქალაქეების გადაადგილების რეგულირება. ჩვენ შევასრულეთ ეს მოთხოვნები და ველოდებით კიდევ ერთხელ შემოწმებას – დახლები დავაშორეთ ერთმანეთს, შევიმუშავეთ მოქალაქეთა გადაადგილების სქემა. მოქალაქეთა შემოსვლა მოხდება ერთი ჭიშკრიდან, ხოლო გასვლა მეორე ჭიშკრიდან, რაც შეეხება დეზინფექციას, ეს ყოველდღიურად ხდება ” -განაცხადა ოლეგ არღვლიანმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მისთვის პროგნოზირება, თუ რა დროში მოხდება ბაზრის გახსნა, ძნელია.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ბაზრის გადამოწმება მოხდება, თუ რამდენად არის რეკომენდაციები გათვალისწინებული, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ადგილობრივი ხელისუფლება მიიღეს.
ქალაქის თვითმმართველობაში ბაზრის გახსნის კონკრეტულ თარიღს ჯერჯერობით ვერ ასახელებენ.
ქუთაისის ცენტრალური ბაზარი 4 აპრილს დაიხურა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული, თუმცა, ის, მთავრობის ინიციატივით, 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 408 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 95 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 4.