ჭუბერი Covid-19-ის საფრთხეს სრულად განახლებული ამბულატორიით დახვდა

835

კორონავირუსის პანდემიის პირობებში კიდევ უფრო აქტუალური გახდა რეგიონებში ადგილობრივი ამბულატორიების გამართული მუშაობა, რაც არაერთ სოფელში დღემდე პრობლემურ საკითხად რჩება. ამ კუთხით გასული წლის აგვისტოს შემდეგ ვითარება მკვეთრად გაუმჯობესებულია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, სადაც სს ნენსკრა ჰიდროსა და კორეული K-water-ის დაფინანსებით ამბულატორიას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ინფორმაციას on.ge ავრცელებს. 

რეაბილიტაციის ფარგლებში მთლიანად გარემონტდა შენობის მეორე სართული, მოეწყო დღისა და ე.წ. ლუქს-პალატები სველი წერტილებით, ასევე ოჯახის ექიმის მისაღები, პაციენტთა გასასინჯი ოთახები და საკონფერენციო სივრცე.

ოჯახის ექიმი თეა ცინდელიანი, რომელიც ჭუბერის ამბულატორიაში უკვე 5 წელია, მუშაობს, ამბობს, რომ რეაბილიტაციის შემდეგ მედიკოსების სამუშაო პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და, შესაბამისად, მუშაობაც უფრო ეფექტიანი გახდა.

“შენობა, რომელშიც დღეს ამბულატორია მოქმედებს, 7 წლის წინ ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი იყო. სოფელმა ის შეიძინა და ამბულატორიად გადააკეთა, თუმცა ფინანსების არარსებობის გამო მხოლოდ პირველი სართულის გაკეთება მოხერხდა, მეორე კი მთლიანად გამოუსადეგარი იყო. არავის ჰქონდა საშუალება, გაერემონტებინა. რეაბილიტაციის შედეგად ეს სართული მთლიანად გარემონტდა. მოეწყო მაღალი დონის პალატები თავისი სველი წერტილებით, ასევე ოჯახის ექიმის მისაღები და ცალკე გასასინჯი ოთახები, რაც მუშაობას გვიადვილებს და ბევრად ეფექტიანად ვმართავთ პაციენტების ნაკადს”, — აღნიშნავს თეა ცინდელიანი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით  გადაადგილება.  ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული, თუმცა, ის, მთავრობის ინიციატივით, 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 408 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 95 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 4.