ქუთაისში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით პაციენტების მიღებას ჩხობაძის სახელობის კლინიკის გარდა, კიდევ ოთხი სამედიცინო დაწესებულება შეძლებს.
ცხელების ცენტრის ფუნქცია ექნებათ კლინიკა „ბომონდს“, „ჰოსპიტალსერვისს“ (ავტოქარხნის დასახლებაში მდებარე #5 პოლიკლინიკა), რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოსა და „მედიქალსითის“.
ფეხმძიმეებს, რომლებსაც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ექნებათ, „ბომონდი“ მოემსახურება.
აქამდე, პაციენტებს მხოლოდ ცხელების ცენტრად გადაკეთებული ჩხობაძის სახელობის სამედიცინო დაწესებულება იკვლევდა.
როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით ცხელების კლინიკები და ზონები შეიქმნა. მათი შექმნის მიზანს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების კიდევ უფრო უკეთ მართვა წარმოადგენს.
თავდაპირველად, ჯანდაცვის მინისტრის 30 მარტის ბრძანებით, იმერეთში “ცხელების კლინიკებად” სამი სამედიცინო დაწესებულება განისაზღვრა. ესენია:
- თერჯოლა – შპს “იმერმედი-იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი” (თერჯოლამედი); მისამართი: თერჯოლა, რუსთაველის ქ. N82
- სამტრედია – შპს “ჯეო ჰოსპიტალს”; მისამართი: სამტრედია, კოსტავას ქუჩა
- ქუთაისი – შპს “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი” – ო. ჩხობაძის სახელობის
მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება; მისამართი: ქუთაისი, ჩხობაძის ქ. №20
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული, თუმცა, ის, მთავრობის ინიციატივით, 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 408 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 95 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 4.