ენმ: ძმები ხოჯევანიშვილები პირბადეების კორუფციულ სქემაში მონაწილეობენ

1866

“ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოში პირბადეების წარმოება კორუფციური სქემით ხდება და მასში მაღალჩინოსნები არიან ჩართულები.

კერძოდ, თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კომპანია “ემ ჯი ემტექსის” უკან, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ (ეკონომიკის სამინისტრომ) დოლბანდის პირბადეების შეკერვა შეუკვეთა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, ასევე მისი ძმა, სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე დგანან. ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. 

“ნაციონალური მოძრაობის” თქმით, კორუფციური სქემა ასეთია:

“ეკონომიკის სამინისტროსგან შეკვეთა და თანხა “ემჯიემტექსთან” მიდის. კომპანიის 40%-ის მეწილე ნოდარ საბანეძეა, რომელიც ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან, ასევე კახა საბანაძესთან და მის ოჯახთან არის დაკავშირებული… საინტერესოა ვინ აკეთებს მილიონებს?! სუს-ის უფროსის მოადგილე ბატონი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, რომლის ძმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულია, შსს-ს მინისტრის მოადგილე საბანაძე. დოკუმენტალურად დასტურდება, რომ ამ ბიზნესში ფაქტობრივად ჩართულია სუს-ის უფროსის მოადგილე და შს მინისტრის მოადგილე. საბოლოო ჯამში საუბარია იმაზე, რომ მაშინ როდესაც ადამიანები ეპიდემიას ებრძვიან, ეს ადამიანები დამატებით მილიონობით ლარის სარგებელს ნახულობენ. ის რომ, ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას, სადაც საუბარი იყო, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის ეს კომპანია კერავდა პირბადეებს ხელისუფლების არცერთი წევრი არ გამოეხმაურა,” – აცხადებს ხაბეიშვილი.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება 1.08 ლარად ყიდულობდა პირბადეს, რომელსაც სამედიცინო დანიშნულება არ ჰქონდა და ფული მიდიოდა ძალოვენების ხელმძღვანელ პირებთან, რომლებიც აღნიშნულ კომპანიასთან არიან კავშირში.

აღსანიშნავია, რომ პირბადეების სკანდალის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიასთან ხელშეკრულება გააუქმა.

მთავარის სპეციალური გამოშვება

მთავარის სპეციალური გამოშვება

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ხუთშაბათი, 16 აპრილი, 2020

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით  გადაადგილება.  ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული, თუმცა, ის, მთავრობის ინიციატივით, 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი    გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 370 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 79 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.