ბოლნისის მერიის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციის მიზნით, დაბა კაზრეთი და სოფელი ბალიჭი ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორამციით, დაბა კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის საზღვრებთან მოეწყობა ბლოკპოსტები, რომლებსაც სამართალდამცავები გააკონტროლებენ.
“აღსანიშნავია, რომ კომპანია RMG საქმიანობას შეფერხების გარეშე გააგრძელებს.საკარანტინო ზონაში სურსათისა და მედიკამენტების ტრანსპორტირება ყოველგვარი შეფერხების გარეშე განხორციელდება.ბოლნისის მუნიციპალიტეტი მოგიწოდებთ მკაცრად დაიცვათ საკარანტინო წესები და რეკომენდაციები, დარჩეთ სახლში და გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას!“ , – ნათქვამია ინფორამციაში.
17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული, თუმცა, ის, მთავრობის ინიციატივით, 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 348 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 74 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.