ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში სასაფლაოები დაიხურება

815

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, რეგიონის დიდ ქალაქებში: ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში სადღესასწაულოდ სასაფლაოები დაიხურება.

“ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში სასაფლაოები დაიხურება. ეს ხდება ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ძალიან ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას, დაემორჩილონ მოთხოვნებს და გაითვალისწინონ რეკომენდაციები. რასაც სპეციალისტები გასცემენ“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, დაიხურება აგრარული ბაზრებიც.

მისი განცხადებით, დღემდე ფოთის და ზუგდიდის ბაზრები ნაწილობრივ ფუნქციონირებდა, თუმცა, დისტანციის დაუცველობის გამო, დღეიდან ზუგდიდის, ხვალიდან კი ფოთის ბაზრები იხურება.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 74 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.