სოფელ მირზაანში კვირაცხოვლობის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულმა სამკერვალომ პირბადეების დამზადება დაიწყო

1378

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მირზაანში კვირაცხოვლობის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულმა სამკერვალო-სახელოსნომ პირბადეების დამზადება დაიწყო. პროექტს ENPARD – ის პროგრამის ,,მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისათვის“ ფარგლებში, ,,LAGI-დედოფლისწყარო“ აფინანსებს.

მირზაანის დედათა მონასტერთან არსებული სამკერვალო 5 000 ერთეულ პირბადეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას გადასცემს. მერია, თავის მხრივ, პირბადეებს უსასყიდლოდ დაურიგებს მოწყვლად ჯგუფებს, სამედიცინო პერსონალსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგას.

მირზაანის დედათა მონასტერთან არსებული სახელოსნო კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და დედოფლისწყაროს მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოინახულეს.

კვირაცხოვლობის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენის განცხადებით, სამუშაო პროცესი ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს და სამკერვალოში დღეში 500-მდე პირბადე მზადდება.

პირბადეების დამზადების პროცესში ადგილობრივი მრევლიც მონაწილეობს.

აღნიშნულ ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 74 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.