გორში გარემოვაჭრეებს დახლები კომენდანტის საათის დროს დაუშალეს

488

წინა სტატია

შემდეგი სტატია

გორის ავტოსადგურთან მდებარე ბაზრის დახლები, მოვაჭრეებს დღეს დილით დაშლილი დახვდათ. ინფორმაციას რადიო თრიალეთი ავრცელებს.

როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, რკინის კონსტრუქციები, რომელიც გუშინ კომენდანტის საათის პირობებში მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა დაშალეს, მათ საკუთრებას წარმოადგენდა.

მოვაჭრეების განცხადებით, გორის მერიამ მათ ავტოსადგურის ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლება აგვიტოს თვემდე მისცა, თუმცა, რატომ შეცვალეს გადაწყვეტილება მოვაჭრეებისთვის უცნობია.

მოვაჭრეების თქმით, გორის მერიამ საგანგებო მდგომარეობით, კომენდანტის საათით  ისარგებლა და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მათი დახლები “ქურდულად” მოიპარეს.

“ჩვენ არავინ გაგვაფრთხილა. დღეს დილით მოვედით და ყველაფერი დაშლილი დაგვხვდა”, – ამბობენ გორელი გარემოვაჭრეები რადიო მოზაიკასთან საუბარშიც. 

გარემოვაჭრეებმა ამ დრომდე არ იციან, თუ სად წაიღეს მათ კუთვნილი კონსტრუქციები. ისინი ამბობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე 18 მარტის მერე ისედაც აღარ ვაჭრობდნენ.

გორის მერიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მათ ქალაქი გარემოვაჭრეების მიერ შექმნილი ხელოვნური ნაგებობებისგან და კონსტრუქციებისგან გაათავისუფლეს.

“მერიის თანამშრომლებისა და სამართალდამცავების მიერ დაწესებული სანქციების შესახებ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გარემოვაჭრები ჭავჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩებზე მაინც აგრძელებდნენ აკრძალულ საქმიანობას. აღნიშნული ობიექტები გარდა იმისა, რომ აუშნოვებდნენ ქალაქის იერსახეს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საფრთხეს უქმნიდნენ მოქალაქეების ჯანმრთელობას”,- განაცხადეს გორის მერიაში.

უწყების თქმით, ქუჩები, სადაც ხელოვნური სავაჭრო ნაგებობი იყო განთავსებული დღის განმავლობაში ხალხმრავლობით გამოირჩეოდა და ინტენსიურად ირღვეოდა ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციები.

ინფორმაციისთვის, გარევაჭრობა გორში 2018 წლის 8 მაისიდან აკრძალულია.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 74 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.