გორში, ავტოსადგურის ტერიტორიაზე სავაჭრო დახლების დემონტაჟის საკითხს ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
იურისტი, ლექსო მერებაშვილი ამბობს,რომ საგანგებო მდგომარეობის ვადით აკრძალულია ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობა, გარდა დადგენილი გამონაკლისებისა. ის მერიის მიღებულ გადაწყვეტილებას მიზანშეწონილად მიიჩნევს, მაგრამ მისივე თქმით, დახლების დემონტაჟის შესახებ მოვაჭრეებს წინასწარ უნდა სცოდნოდათ.
“გარევაჭრობა არ ხვდება ამ გამონაკლისებში, რამდენადაც ვირუსის გავრცელების საფრთხეს შეიცავს რადგან აქ ადამიანებს შორის კონტაქტი ხდება.რთულია რა თქმა უნდა დისტანციის დაცვის უზრუნველყოფაც. შესაბამისად, სწორია გადაწყვეტილება მათი საქმიანობის აკრძალვის. აქ პრობლემა შეიძლება იყოს დახლების დაშლისა და კონსტრუქციის წაღება რამდენად სწორად განხორციელდა, რაშიც იგულისხმება გაფრთხილებული იქნენ თუ არა მერიის მხრიდან მოვაჭრეები, რომ თავად უზრუნველეყოთ მათი დაშლა და გატანა. თუ ეს არ მომხდარა, ამ შემთხვევაში ადგილი ექნება გარე მოვაჭრეთა უფლებების უხეშ უგულვებელყოფასთან,- ამბობს ლექსო მერებაშვილი.
გორის ავტოსადგურთან მდებარე ბაზრის დახლები, მოვაჭრეებს გუშინ დილით დაშლილი დახვდათ. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, რკინის კონსტრუქციები, რომელიც გუშინ კომენდანტის საათის პირობებში მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა დაშალეს, მათ საკუთრებას წარმოადგენდა.
მოვაჭრეების თქმით, გორის მერიამ მათ ავტოსადგურის ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლება აგვიტოს თვემდე მისცა, თუმცა, რატომ შეცვალეს გადაწყვეტილება მოვაჭრეებისთვის უცნობია.
გორის მერიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მათ ქალაქი გარემოვაჭრეების მიერ შექმნილი ხელოვნური ნაგებობებისგან და კონსტრუქციებისგან გაათავისუფლეს.
“მერიის თანამშრომლებისა და სამართალდამცავების მიერ დაწესებული სანქციების შესახებ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გარემოვაჭრები ჭავჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩებზე მაინც აგრძელებდნენ აკრძალულ საქმიანობას. აღნიშნული ობიექტები გარდა იმისა, რომ აუშნოვებდნენ ქალაქის იერსახეს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საფრთხეს უქმნიდნენ მოქალაქეების ჯანმრთელობას”,- განაცხადეს გორის მერიაში.