გორის ცენტრალური ქუჩები გარემოვაჭრეების მიერ შექმნილი ხელოვნური ნაგებობებისგან და კონსტრუქციებისგან გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მერიის თანამშრომლებისა და სამართალდამცავების მიერ დაწესებული სანქციების შესახებ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გარემოვაჭრეები ჭავჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩებზე მაინც აგრძელებდნენ აკრძალულ საქმიანობას.
„აღნიშნული ობიექტები გარდა იმისა, რომ აუშნოვებდნენ ქალაქის იერსახეს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საფრთხეს უქმნიდნენ მოქალაქეების ჯანმრთელობას. ქუჩები, სადაც ხელოვნური სავაჭრო ნაგებობი იყო განთავსებული, დღის განმავლობაში ხალხმრავლობით გამოირჩეოდა და ინტენსიურად ირღვეოდა ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციები. გარევაჭრობა გორში 2018 წლის 8 მაისიდან აკრძალულია. გორის მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს ყველას, დაემორჩილონ კანონს, შეწყვიტონ უკანონო საქმიანობა და მოშალონ თვითნებურად მოწყობილი სავაჭრო ნაგებობი“,- აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 74 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.