ქართულენოვანი აპლიკაცია, რომელიც ადამიანებს Covid19-ით ინფიცირებულის სიახლოვეზე შეატყობინებს, უკვე ხელმისაწვდომია

965

ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს, 16 აპრილს იმ აპლიკაციის პრეზენტაცია წარადგინა, რომელიც ადამიანებს კორონავირუსით ინფიცირებულის სიახლოვეზე შეატყობინებს.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აპლიკაცია სრულად იცავს პიროვნების პერსონალურ მონაცემებს და აუმჯობესებს Covid19-ით ინფიცირებული კონტაქტების ამოცნობის ხარისხს

„ეს აპლიკაცია გახლავთ ევროპულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით შექმნილი, რომელიც სრულიად იცავს ჩვენს პერსონალურ ინფორმაციას, რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საშუალებას იძლევა, რომ გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარი ჯანმრთელობის უსაფრთხოებას, ასევე მოვახდინოთ ჩვენი ახლობლებისა და იმ კონტაქტების ინფორმირება ჩვენი ინფიცირების შემთხვევაში, რაც მნიშნველონლად აუმჯობესებს ხარისხს კონტაქტების ამოცნობის მხრივ და ასევე იმ ინფექციის გავრცელების ჯაჭვის აღმოფხვრის მხრივ, რომელიც მნიშნველოვანი არის კოვიდ-19-ის ინფექციასთან ბრძოლაში”, – განაცხადა მინისტრმა.

აპლიკაცია შემდეგნაირად იმუშავებს: თუ მომხმარებლები ერთმანეთს გარკვეულ მანძილზე მიუახლოვდებიან, მათი მობილურები ბლუთუსის მეშვეობით ე.წ. ანონიმურ კოდს გაცვლიან. მობილურებით პერიოდულად შემოწმდება, მომხმარებლის უკანასკნელი კონტაქტებიდან დაუდასტურდა თუ არა ვინმეს კორონავროუსი – თუ მომხარებელს ვირუსი დაუდასტურდება და ამ ინფორმაციას აპლიკაციაში შეიყვანს, 14 დღის განმავლობაში მასთან მიახლოებულ პირებს ამ ინფორმაციას მობილურზე შეტყობინების სახით ამცნობენ. აღნიშნულ რისკის ქვეშ მყოფ პირებს ასევე შეატყობინებენ, რომ თვითიზოლაცია უნდა დაიწყონ.

აპლიკაციის გამოყენება ნებაყოფლობითი იქნება. კომპანიები მომხმარებლების ადგილმდებარეობას და სხვა პირად მონაცემებს არ შეაგროვებენ. მომხმარებლებებს არ ეცნობებათ კონკრეტულ სია, თუ ვის ეკონტაქტნენ, ან კონკრეტულად ვის დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი.

ადრეული გამოვლენისა და პრევენციის მიზნით შექმნილი აპლიკაციის Stop Covid გადმოწერა შესაძლებელია Apple store-დან და Google play-დან.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა რობერტ რედფილდმა განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის მქონე პირის კონტაქტების მოძიება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა ვირუსის გავრცელება შეაჩერონ და ახალი კერების გაჩენა თავიდან აიცილონ.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 74 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.