რუსთავში შესვლა-გამოსვლის კონტროლი 5 ბლოკ-საგუშაგოს მეშვეობით ხორციელდება

636

რუსთავში შესვლა-გამოსვლის კონტროლი 5 ბლოკ-საგუშაგოს მეშვეობით ხორციელდება. რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, შესაძლოა, უკვე არსებულ ბლოკ-პოსტებს კიდევ რამდენიმე დაემატოს, რათა რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლი სრულად მოხდეს. მისივე თქმით, ქალაქში შესვლის უფლება ექნებათ მხოლოდ რუსთავში რეგისტრირებულ პირებს, ასევე, ქალაქიდან გასვლის უფლება ექნებათ სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ მოქალაქებს.

„დღეიდან ყველას, ვინც რუსთავში შემოვა, თერმოსკრინინგი ჩაუტარდება. პირველი, რაც მინდა ხმამაღლა ვთქვა და ამას ყველა ნორმალურად და მოთმინებით შეხვდება, ის პირები, რომლებიც არიან რუსთავში რეგისტრირებული და მათ გააჩნიათ შესაბამისი მოწმობა, თუ სხვა ქალაქში იმყოფებიან, შეუძლიათ რუსთავში შემოვიდნენ. ჩვენს ქალაქში მყოფი პირები, რომლებიც სხვა ქალაქებში არიან რეგისტრირებული, მაგალითად, ხაშურში ან გორში, შეუძლიათ ქალაქიდან გასვლა, ეს ხდება ერთჯერადად. აქვე მინდა განვმარტო, ამ დღეების განმავლობაში, ვინც ქალაქიდან სოფლად გავიდა, რა თქმა უნდა, მათ ამის საშუალება ჰქონდათ, მაგრამ დღეიდან ნებისმიერ პირს, რომელიც ქალაქში შემოვა, ჩაუტარდება თერმოსკრინინგი. ეს რეგულაციები და ეს გარკვეული სიმკაცრეები ემსახურება ჩვენს ჯანმრთელობას. ბლოკ – პოსტების რაოდენობა დიდი მასშტაბით არა, მაგრამ რამდენიმე დაემატება, ადგილები წისასწარ უკვე შერჩეულია“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 მარტის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 74 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.