განისაზღვრა სია, ვის არ ეხება თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ქუთაისის ჩაკეტვის დროს დაწესებული შეზღუდვები

1890

წინა სტატია

15 აპრილის 21:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვები, რაც თბილისს, ქუთაისს, ბათუმსა და რუსთავს ჩაკეტავს, კონკრეტული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს არ შეეხებათ.

როგორც საქართველოს მთავრობის №242-ე დადგენილებაშია აღნიშნული, შეზღუდვა არ ეხება:

სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;

საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;

ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანას;

ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას;

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების/გადაცემის/განაწილების/მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას;

სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით გადაადგილებას;

მედია საშუალებების წარმომადგენელთა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;

სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას (მიცვალებულის გადასვენება/დაკრძალვა);

საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილებას;

კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;

საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს/ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შესვლა არ ეკრძალებათ ამ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პირებს.

ამასთან, მუნიციპალიტეტებიდან გასვლა არ ეკრძალებათ სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს.

დადგენილებას ხელს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აწერს და ის ძალაში 2020 წლის 15 აპრილის 21:00 საათიდან შევა.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღით შესვლა და გამოსვლა იკრძალება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი   გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.