ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ქართული მოსახლეობის კვალის წაშლისა და მომავალში იძულებით გადაადგილებული მკვიდრი ქართველი მოსახლეობის დაბრუნების გამორიცხვის მიზნით, ოკუპირებულ სოფელ ერედვში, ეთნიკური ქართველების ნასახლარებზე, რუსეთის ფინანსური მხარდაჭერით ნაგავსაყრელის მშენებლობა ხორციელდებოდა,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაციის პრობლემა კვლავ მწვავედ დგას. ასეთ პრობლემებს შორისაა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა, მოსახლეობის ეთნიკური იდენტობის შეცვლისა და ასიმილაციისკენ მიმართული პოლიტიკა, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ქონებრივი უფლებების შეზღუდვა და რეგიონში დაბრუნების გამორიცხვის მიზნით მათი სახლების განადგურება.
„გასული წლის განმავლობაში საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაწესებული არალეგიტიმური შეზღუდვების შედეგად უკიდურესად გაუარესდა ოკუპირებული გალის რაიონში ეთნიკური ქართველების ყოველდღიურობა. გალელი ქართველების უფლებრივი მდგომარეობა, ხშირ შემთხვევაში, პირდაპირაა დაკავშირებული მათ მიერ ეთნიკური კუთვნილების „შეცვლასთან“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფლობს ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ. ხორციელდებოდა აღნიშნულ პროცესებში ჩართული პირებისა და ე.წ. ორგანიზაციების იდენტიფიცირება. საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარეობდა საერთაშორისო ფორმატების გამოყენება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაფიქსირებულ უკანონო აქტივობებზე, მათ შორის, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის შევიწროვებაზე რეაგირების მიზნით. სამსახურის ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით დანაშაულებრივ ქმედებებში სხვადასხვა დროს ჩართული ყველა პირი წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე,“- აღნიშნულია ანგრიშში.
ანგარიშში ასევე საუბარია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გამართულ აქციებზე და ნათქვამია, რომ ის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს.
„გასულ წელს უკანონო დაკავებები, ე.წ. ბორდერიზაცია და ადგილზე მიმდინარე სხვა პროცესები იწვევდა საქართველოს მოქალაქეების სამართლიან აღშფოთებას, თუმცა ამ პროცესში ფიქსირდებოდა დაძაბულობა და ესკალაციის საფრთხე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ წარმოდგენილ სამართალდამცავებსა და ცალკეულ სამოქალაქო ჯგუფებს შორის, ასევე, ხშირი იყო მოწოდებები საოკუპაციო ხაზთან ხალხმრავალი აქციების გამართვის შესახებ.
ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მყოფ სამართალდამცავებთან ნებისმიერი ფორმით დაპირისპირება ახდენს ადგილზე არსებული ვითარების ესკალაციას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, ხოლო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხალხმრავალი აქციები საფრთხეს უქმნის ადგილზე მყოფი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას,“- აღნიშნულია ანგარიშში.
ცნობისათვის, „ეხო კავკაზას“ ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ახალგორის რაიონის საავადმყოფოში გასულ კვირას ორი ადამიანი გარდაიცვალა და კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია.
ამის მიზეზად პუბლიკაციაში დასახელებულია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩაკეტილი „საზღვარი“, რის გამოც ახალგორის მცხოვრებლები თბილისში ვერ ჩადიან.
სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, თავდაპირველად, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება 27 თებერვალს მიიღო, ისიც მხოლოდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით. ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი გაჩნდა.
2020 წლის 1 მარტიდან, კი მსოფლიოს იმ 62 ქვეყნის მოქალაქეს, სადაც კორონავირუსი გავრცელდა, დეფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში “შესვლაზე” შეზღუდვები დაუწესდა.
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 13 აპრილამდე კარანტინია გამოცხადებული. კარანტინის წესების დარღვევაზე კი ჯარიმაა შემოღებული.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 74 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.