ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსთავში სასაფლაოს დაკეტვის გადაწყვეტილება იქნას მიღებული.
როგორც რეხვიაშვილმა აღნიშნა, საკითხზე შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და მოსახლეობა აღნიშნულის თაობაზე წინასწარ იქნება ინფორმირებული.
„ჩვენ ყველა შესაძლო ვარიანტს და შესაძლებლობას განვიხილავთ. ამ კუთხით ყველა უწყებასთან ინტენსიურად მიდის საუბარი. ყველა მზად არის გადაწყვეტილების მიღებისთანავე, შეასრულოს დავალებები, რაც მითითებებში იქნება. არ არის გამორიცხული, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, თუმცა ეს არ იქნება მოულოდნელი. ჩვენი მოსახლეობა დროულად, შესაბამისი ვადებით, წინმსწრებად იქნება გაფრთხილებული “ , – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება. შესაბამისი განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გაკეთდა, თუმცა, ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა, რა შეზღუდვები იქნება შემოღებული.
„მოქალაქეებს კიდე ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწოდებაა, დარჩით სახლში და არ დაარღვიოთ კანონი,“ – აღნიშნა პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 74 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.