ლენტეხის მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. აღნიშნულის შესახებ ინტერპრესნიუსს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა.
როგორც ჯაფარიძე განმარტავს, საგანგებო რეჟიმი მათ მხარეში დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.
„მშვიდი ვითარებაა, თერმოსკრინინგი დასრულდა, საბედნიეროდ, მნიშვნელოვანი, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ გამოვლენილა, რამდენიმე პირს ტემპერატურა ჰქონდა, თუმცა, ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ ამ ყველაფერს ვირუსთან კავშირი არ აქვს. მუნიციპალიტეტი პროდუქტით, მედიკამენტებით, საწვავით დროულად მარაგდება, საგაზაფხულო სამუშაოებიც მიმდინარეობს, ასე რომ სტაბილური მდგომარეობაა. ახალი შემთხვევა არ დაგვმატებია, მოსახლეობა თვითიზოოლაციის წესებს იცავს, მათზე მუდმივი დაკვირვება ხდება, სერიოზულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
მოგეხსენებათ, სულ 5 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს და მათი კონტაქტები მოძიებულია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა დღეს 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.